რა სიახლეებია?

განახლდა გაფართოებული მხარდაჭერის გამოშვებით 102

სურათზე იკითხება „Firefox-ის გაფართოებული მხარდაჭერის გამოშვება 102"

კიდევ ერთხელ დადგა დრო Tor-ბრაუზერის განახლებისა Firefox-ის გაფართოებული მხარდაჭერის ბოლო გამოშვებით. რამდენიმე თვეა Tor-ბრაუზერის 11.5 გამოშვებიდან მოყოლებული, განვიხილავთ ESR 102 გამოშვების შენიშვნებს, რომ დავრწმუნდეთ თითოეული ცვლილების თავსებადობაში Tor-ბრაუზერთან. შემოწმების განმავლობაში ყველაფერი, რაც კი ეწინააღმდეგება Tor-ბრაუზერის მკაცრ დებულებებს პირადულობის დაცვისთვის, ყურადღებით უნდა გამოირიცხოს.

მრავალენოვანი მხარდაჭერა კომპიუტერზე

წარმოდგენილია მენიუ, რომელსაც იყენებს Tor-ბრაუზერი 12.0 ენების სიის საჩვენებლად

აქამდე, თუ გსურდათ გამოგეყენებინათ Tor-ბრაუზერი კომპიუტერზე ინგლისურისგან განსხვავებული ენით, დაგჭირდებოდათ შესაბამისი ენის მქონე ვერსიის გადმოწერა ჩვენი ჩამოტვირთვების გვერდიდან. ენის შეცვლა Tor-ბრაუზერის დაყენების შემდგომაც არ იყო ადვილი, ან სხვა ენის კრებული უნდა დაგემატებინათ არსებულისთვის, ანდა ისევ თავიდან ჩამოგეტვირთათ Tor-ბრაუზერი.

დღეს კი უკვე მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა: Tor-ბრაუზერი კომპიუტერზე უკვე ნამდვილად მრავალენოვანია, ანუ ყველა მხარდაჭერილ ენას შეიცავს ერთიან კრებულში. ახალი მომხმარებლებისთვის Tor-ბრაუზერი 12.0 თავისით განახლდება გაშვებისას სისტემის ენის შესაბამისად. ხოლო თუ განაახლებთ Tor-ბრაუზერის 11.5.8 ვერსიიდან, შეეცდება შეინარჩუნოს იქამდე შერჩეული ენა.

ასეა თუ ისე, ახლა უკვე შეგიძლიათ იერსახის წარწერებისთვის ენის შეცვლა მთავარი პარამეტრების ენის მენიუდან დამატებითი ჩამოტვირთვების გარეშე – მაგრამ მაინც გირჩევთ, სცადოთ Tor-ბრაუზერის ახლიდან გაშვება ცვლილებების სრულყოფილად ასახვისთვის.

ბუნებრივია, მრავალი ენის ერთიან ჩამოსატვირთში ჩაშენება ზრდის Tor-ბრაუზერის ფაილის ზომას – და ეს კარგად გაცნობიერებული გვაქვს; შესაბამისად, მოვნახეთ საშუალება, სხვაგან დაგვეზოგა მოცულობა და შედეგად, Tor-ბრაუზერი 11.5 და 12.0 მხოლოდ მცირედით თუ განსხვავდება ზომაში.

Apple Silicon თანმომყოლი მხარდაჭერით

Apple Silicon logo

ეს არ იყო ადვილი მოსაგვარებელი, მაგრამ ბედნიერნი ვართ გაუწყოთ, რომ Tor-ბრაუზერის 12.0 ვერსიაში ახლა უკვე თანმომყოლი მხარდაჭერით იქნება Apple Silicon. მსგავსად Mozilla-ს მიდგომისა Firefox-ისთვის, ჩვენც ვარჩიეთ გამოგვეყენებინა ერთიანი ორობითი (Universal Binary) ფორმატი – ეს კი ნიშნავს, რომ ორივე, x86-64 (ე.ი. Intel-თან თავსებადი) და ARM64 (ე.ი. Apple Silicon-თან თავსებადი) ანაწყობები ერთადაა კრებულში და გაშვებისას თავისთავად აირჩევა საჭიროებისამებრ.

მხოლოდ-HTTPS ნაგულისხმევად Android-ზე

სურათზე იკითხება „მხოლოდ-HTTPS-რეჟიმი“ და ჩამრთველითაა ამოქმედებული

ჯერ კიდევ ივლისში გაგიზიარეთ სიახლე Tor-ბრაუზერის შესახებ Android-ზე და ჩვენი მისწრაფებები მისი ახლო მომავლის თაობაზე Tor-ბრაუზერის 11.5 გამოშვების წერილში. წლის დასაწყისიდან მოყოლებული ჩვენი შემმუშავებლები თავდაუზოგავად მუშაობდნენ მოწესრიგებული განახლებების ასამოქმედებლად Android-ზე, პროგრამის მდგრადობის გასაუმჯობესებლად და Fenix-ის (Firefox Android-ზე) გამოშვების დროებთან თანხვედრისთვის.

მომდევნო საფეხური გეგმის მიხედვით იქნება Android-ზე იმ მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გადმოტანა, რომლებიც ახლახან გაეშვა კომპიუტერისთვის – პირველ რიგში კი მხოლოდ-HTTPS-რეჟიმის ამოქმედება ნაგულისხმევად. ამ ცვლილების მეშვეობით მიიღწევა ისეთივე დონის დაცვა SSL-ს ჩამოცილების შეტევების წინააღმდეგ მავნე გადამცემების მხრიდან, როგორიც კომპიუტერისთვის გვაქვს Tor-ბრაუზერის 11.5 ვერსიიდან.

უპირატესობა .onion-საიტებს Android-ზე

გამოსახულია უპირატესობის ასამოქმედებელი onion-საიტებისთვის Tor-ბრაუზერში Android-ის პირადულობისა და უსაფრთხოების პარამეტრებში

კიდევ ერთი მცირე, მაგრამ აუცილებელი გაუმჯობესება Tor-ბრაუზერის 12.0 ვერსიაში Android-ზე არის პარამეტრი „უპირატესობა .onion-საიტებს“, როცა კი ხელმისაწვდომია. ამოქმედებისას თავისთავად გადაგამისამართებთ ნებისმიერი ვებსაიტის შესაბამის .onion-საიტზე, თუ მას გააჩნია გამართული Onion-მდებარეობა – რითაც უფრო ადვილად აღმოაჩენთ ახალ .onion-საიტებს.

„უპირატესობა .onion-საიტებს“ განთავსდება პირადულობისა და უსაფრთხოების არეში Tor-ბრაუზერის მენიუს ქვეშ Android-ზე. გაითვალისწინეთ, რომ ამ განახლებით არ დაემატება იისფერი „.onion ხელმისაწვდომიას“ ღილაკი მისამართების ველში, რომელიც ჯერ მხოლოდ სამაგიდო ვერსიის Tor-ბრაუზერშია.

და სხვა...

12.0 პირველი გამოშვებაა Tor-ბრაუზერისა, რომელშიც დამატებულია ალბანური (sq) და უკრაინული (uk). გვინდა უღრმესი მადლობა გამოვხატოთ ყველა მოხალისის მიმართ, რომლებიც გამალებით თარგმნიან Tor-ბრაუზერს თითოეულ ენაზე <3

თუ შეამჩნევთ წარწერას, რომელიც კვლავ გადაუთარგმნელია ან გსურთ რომელიმე სხვა ენაზე წვლილის შეტანა, გთხოვთ იხილოთ ჩვენი ერთობის გვერდი, რომ ვრცლად გაეცნოთ, როგორ შეიძლება მუშაობის დაწყება.

ჩვენ აგრეთვე დაკავებული ვართ არაერთი შესაძლებლობის შეუმჩნევლად გაუმჯობესებით, მათ შორისაა თუნდაც tor-გამშვები (რომლითაც tor ეშვება Tor-ბრაუზერში), რომლის კოდიც მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლიდან აიწყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გაშვებული გაქვთ განსხვავებულად გამართული Tor-ბრაუზერი (მაგალითად, გიყენიათ სისტემის tor და Tor-ბრაუზერი ერთობლივად, ანდა მეტად თავისებური მახასიათებლების ქსელი გაქვთ) და წააწყდით გაუთვალისწინებელი შეცდომის შეტყობინებას Tor-ის გაშვებისას – გთხოვთ გვაცნობოთ საკითხის წამოჭრით ჩვენს Gitlab-საცავში.

დაბოლოს, Tor-ბრაუზერის ჩარჩოებით შემოსაზღვრის (Letterboxing) შესაძლებლობამ მრავალი მცირედი გაუმჯობესება მიიღო სამომხმარებლო კუთხით, მათ შორის (და არამხოლოდ) გამჟღავნების ხარვეზებისა და გვერდის ავლის საშუალებების გამოსწორებით, მოსცილდა 1px ჩარჩო ვიდეოების სრულეკრანიანი გაშვებისას და გამოითიშა სრულიად სანდო გვერდებისთვის, როგორებიცაა Tor-თან დაკავშირების ეკრანი და მსგავსები.

გამოგვეხმაურეთ

თუ იპოვით ხარვეზს ან გექნებათ შემოთავაზება, როგორ გავაუმჯობესოთ გამოშვება, გთხოვთ გვაცნობოთ. გმადლობთ Tor-ზე მომუშავე თითოეულ გუნდსა და უამრავ მოხალისეს ამ გამოშვებაში წვლილის შეტანისთვის.

დახმარება გესაჭიროებათ?

იხილეთ ერთობის შესახებ ᲮᲓᲙ

მიიღეთ მხარდაჭერა

შეგვეხმიანეთ

მოგვწერეთ სასაუბროში!

შემოგვიერთდით IRC-ში